ლევან კობახიძის გამოცდილება ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში
By თეკლა ადამია •
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლევან კობახიძე ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტია, რომელმაც აღნიშნულ ინდუსტრიაში მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში ციფრულ პროდუქტებს საფუძველი ჩაეყარა. 10 წელზე მეტია, რაც იგი საკუთარ გუნდთან ერთად სხვადასხვა ფინტექ თუ ტელეკომ კომპანიების ციფრულ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოში არაერთი საინტერესო ციფრული პროდუქტი თუ ხელსაწყო შეიქმნა, რომელიც მართალია დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იმ პერიოდში მნიშვნელოვან ინოვაციად ითვლებოდა.
გასული 10 წლის განმავლობაში ლევანმა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება შეიძინა. როგორც პროდუქტის მენეჯერებისა და დიზაინერების ლიდერმა ხელი შეუწყო არაერთი კომპანიის ციფრულ ტრანსფორმაციას, უხელმძღვანელა ბაზარზე გასვლის სტრატეგიებსა და პროდუქტების განვითარებას. იგი მართავდა Swoop-ისა და eMoney-ის პროექტებს, მოგვიანებით კი "VEON ჯგუფი - ბილაინისა" და "საქართველოს ბანკის" ციფრული მიმართულებების დირექტორის პოზიციას იკავებდა.
როგორ განვითარდა Swoop-ისა და eMoney-ის პროდუქტები?
ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესში ლევანის პირველი ნაბიჯები სწორედ Smartex-ის წევრ სტარტაპებში დაიწყო. თავდაპირველად იგი Swoop-ის მცირერიცხოვან გუნდს გაყიდვების მენეჯერის ამპლუაში შეუერთდა, 2 წელიწადში კი კომპანიის გენერალური მენეჯერი გახდა. მოგვიანებით eMoney-ის კომერციული დირექტორის, საბოლოოდ კი პროექტის გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. გარდა ამისა, ლევანი Smartex-ის ჯგუფის სხვა სტარტაპების განვითარებაშიც მონაწილეობდა.
მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აღნიშნულ კომპანიებში არაერთი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, რომელიც საქართველოსა თუ ზოგადად რეგიონში პირველი იყო. მაგალითად, ამ პერიოდში eMoney-ის მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ბანკომატიდან თანხა პირადობის მოწმობით, საბანკო ბარათის გარეშე გაენაღდებინათ. აღნიშნული სერვისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დღემდე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართული რეალობისთვის კრიპტოვალუტები სრულიად ახალი იყო, eMoney-ში კრიპტოვალუტების ლარში გადაცვლის სერვისი დაინერგა. შედეგად, შესაძლებელი იყო, როგორც ლარით ბიტკოინების შეძენა, ასევე პირიქით - ბიტკოინების ელექტრონულად გაყიდვა და თანხის ლარში კონვერტაცია.
VEON-ის ციფრული ტრანსფორმაცია
VEON ჯგუფი 2016 წელს 12 საოპერაციო ტელეკომ კომპანიას ფლობდა სხვადასხვა ქვეყანაში და 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებდა. საქართველოში იგი "ბილაინ საქართველოს" სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ლევან კობახიძე სწორედ 2016 წელს შეუერთდა.
როგორც ლევანი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, მისი გუნდის მიზანი "ბილაინის" სერვისების გაციფრულება და ტელეკომ აპლიკაციის დახვეწა იყო, რომელიც მომხმარებლებს ბალანსის შემოწმების, ცალკეული პაკეტების შეძენისა თუ სხვადასხვა სერვისის დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა.
ამ პერიოდში დაინერგა ახალი და უნიკალური სერვისებიც, მათ შორის Freevolution - freemium მოდელი, რომელიც ქართულ ტელეკომ ინდუსტრიაში სრულიად ახალი სიტყვა იყო. კერძოდ, მომხმარებელს საშუალება ჰქონდა SIM ბარათის შეძენისას 100 წუთი, SMS და მეგაბაიტი სრულიად უფასოდ გამოეყენებინა, საჭიროების შემთხვევაში კი შედარებით გაუმჯობესებული პაკეტი შეეძინა.
კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი რაც იმ პერიოდში ბილაინში დაინერგა, SIM ბარათების დისტანციურად შეძენის სერვისი გახლავთ. როგორც ლევანი აღნიშნავს, დღესაც კი ეს სერვისი მასშტაბურად ძალიან ცოტა ტელეკომ ოპერატორს აქვს, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში.
რაც შეეხება უშუალოდ VEON-ს 2016-2018 წლებში კომპანიამ ახალი აპლიკაცია ჩაუშვა, ეს იყო Self-Care/Messaging App, რომელიც ორ პროდუქტს აერთიანებდა. ერთის მხრივ, მისი მეშვეობით სხვა ტელეკომ აპლიკაციების მსგავსად საკუთარი ანგარიშის მართვა - პაკეტების შეძენა და ბალანსის შემოწმება შეიძლებოდა, მეორე მხრივ კი WhatsApp-ის მსგავსად მესიჯების გაგზავნა, მობილური ინტერნეტის გარეშე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში VEON-ის აპლიკაციის გაშვებაზე სწორედ ლევან კობახიძე მუშაობდა, ისევე როგორც "ბილაინ საქართველოს" ციფრული პროდუქტების განვითარებაზე.
როგორ განხორციელდა ციფრული ტრანსფორმაცია "საქართველოს ბანკში"?
2019 წლიდან ლევანი "საქართველოს ბანკში" ციფრული არხების ხელმძღვანელი იყო და ციფრულ გაყიდვებს, ციფრული პროდუქტების განვითარებასა და დიზაინს კურირებდა, რაც მთლიანობაში 19 კროსფუნქციურ გუნდს აერთიანებდა. "საქართველოს ბანკში" 4-წლიანი მუშაობის პერიოდში ლევანი საბანკო სერვისების გაციფრულებაზე მუშაობდა, როგორც მობილ ისე ინტერნეტბანკში. გუნდის მიზანი პროდუქტების გაციფრულების მეშვეობით, სერვისების ოპტიმიზაციის შესაძლებლობის შექმნა იყო, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. 2022 წელს საქართველოს ბანკის მთელი ოპერაციების 97% ციფრულ არხებში მიმდინარეობდა, აქედან 70% კი სწორედ მობილურ და ინტერნეტბანკზე მოდიოდა, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მხარეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ბანკის მობილბანკს 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ყოველთვიურად და ერთ-ერთი პირველი აპლიკაციაა საქართველოში აქტიური კლიენტების ოდენობით. გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა 2022 წელს "მსოფლიოში საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო ბანკის" ჯილდო მიიღო და ისეთ დიდ ბანკებს გაუწია კონკურენცია, როგორიცაა Bank Of America, Citi, Banco Santander და სხვები.
"საქართველოს ბანკში მუშაობისას ჩვენი ვალუტა ინჟინრის სამუშაო დრო იყო, რომელიც შეზღუდული რესურსია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რესურსების სწორად გადანაწილებას. მოთხოვნა ყოველთვის მიწოდებაზე მეტი იყო - არსებობდა მეტი იდეა, რომლის დანერგვაც ციფრულ არხებში გვინდოდა, თუმცა რესურსი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩებოდა. პროდუქტის მენეჯერის მთავარი როლიც ეგ არის, განსაზღვროს მომდევნო 1-3 წლის სტრატეგია, რა მიმართულებებია უფრო მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მოხდეს თითოეული პროდუქტის განვითარება სწორად", - აღნიშნავს ლევან კობახიძე.
საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ლევანის ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა და დაინერგა, თუმცა ახლა მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავაკეთებთ აქცენტს.
ინვესტიციების მოდული საქართველოს ბანკმა Galt & Taggart-თან კოლაბორაციით შექმნა. შედეგად, ქართველ მომხმარებლებს საშუალება მიეცათ რამდენიმე წუთში საინვესტიციო ანგარიში პირდაპირ მობილბანკში გაეხსნათ და ამერიკის საფონდო ბირჟაზე ისეთი გლობალური კომპანიების აქციები შეეძინათ, როგორიცაა Apple, Microsoft, Google, Amazon, Tesla და სხვა. სწორედ საქართველოს ბანკია პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც მსგავსი სერვისი შეიმუშავა.
გარდა ამისა ამ პერიოდში პირველად შესაძლებელი გახდა საბანკო ანგარიშების ონლაინ გახსნა. ასევე შეიქმნა ქართულ NLP-ზე დაფუძნებული ვირტუალური ჩეთბოტი, ე.წ. ციფრული ასისტენტი რომელიც მომხმარებლების კითხვებს პასუხობს და მარტივ ოპერაციებსაც ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკი" ერთ-ერთი პირველი დიდი ორგანიზაციაა, რომელმაც მასშტაბურად დანერგა ლაივ რეჟიმში მომხმარებლის კმაყოფილების გაზომვის სისტემა. გარდა ამისა, კომპანიის შიდა მკვლევრების გუნდიც აქტიურად არის ჩართული თითოეული პროდუქტის განვითარებაში.
"მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღებით და გათვალისწინებით, პრიორიტეტიზაციით - რომელი ფუნქციის განვითარება ჯობია, რომელი პროცესია შედარებით რთული და როგორ შეგვიძლია მისი გამარტივება - ერთიანი ძალისხმევით, მობილ ბანკის მომხმარებლის კმაყოფილების ქულამ 90-ს მიაღწია", - აღნიშნავს ლევანი.
ციფრული ტრანსფორმაცია Making Science • Sweeft-თან ერთად
თითქმის ერთი წელია, რაც ლევან კობახიძე ნიუ იორკში, Making Science • Sweeft-ში მუშაობს და კომპანიის ამერიკულ ოფისს გაყიდვების ზრდასა და პორტფოლიოს მართვაში ეხმარება. იგი ამერიკაში Making Science • Sweeft-ის პარტნიორ კომპანიებს მათთვის საჭირო IT რესურსებს აწვდის. ამჟამად კომპანიის პორტფოლიოში სხვადასხვა ტიპის ბიზნესი ერთიანდება, მათ შორის ფინტექიდან, ბანკინგიდან, იქომერსიდან და სხვა, ეს კი საინტერესო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას იძლევა.
"მინდა, რომ ამ ეტაპზე Making Science • Sweeft-თან ერთად ამერიკულ კომპანიებშიც შევხედო პროცესებს და იქაც შევიტანო ჩემი წვლილი პროდუქტების განვითარებაში. საქართველოსთან შეხება ყოველთვის მექნება და საბოლოოდ მსურს, რომ ეს ცოდნა პირდაპირ თუ ირიბად საქართველოსაც მოხმარდეს. რაღაც ფორმას მოვძებნი, რომლითაც შემეძლება ჩვენ ქვეყანასაც დავეხმარო ამ მიმართულებით კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტის დანერგვაში და გლობალური გამოცდილების გაზიარებაში. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს ციფრული პროდუქტების თვალსაზრისით", - აღნიშნავს ლევან კობახიძე.