"სწავლის წახალისება მთავარ მოტივაციად" - თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი სამი წლისაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"თამაზ ბექაიას სახელობის საგანმამათლებლო ფონდი" დაარსებიდან სამი წლის თავს აღნიშნავს. ფონდი 2021 წლის 3 მარტს დაარსდა. თუმცა ბექაიების ოჯახი მანამდეც ძალიან აქტიურად იყო საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართული და სოციალურად დაუცველ ოჯახებს განათლების მიღებაში ეხმარებოდა.

ფონდი ბიზნესმენ თამაზ ბექაიასა და მისი შვილის, ლევანის, თაოსნობით დაარსდა, ხოლო თანადამფუძნებელია გოგა ჩანადირი. ის იხსენებს, რომ პანდემიის პერიოდში თამაზ ბექაიას ხელშეწყობით ასამდე ოჯახს გადაეცა კომპიუტერი დისტანციური სწავლებისთვის, მათ შორის მასწავლებლებსაც.

"ფონდის იდეა ამ დახმარებების პროცესში 2020 წელს სოფელ ხიზაბავრაში დაიბადა. მე და ბატონმა თამაზმა, რომელმაც უშუალოდ გადასცა 5-შვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს კომპიუტერი და სხვა მხრივადაც დაეხმარა, ვიმსჯელეთ, რომ განათლების წახალისება-ხელშეწყობისთვის უფრო ორგანიზებული სახე მიგვეცა", - იხსენებს გოგა ჩანადირი.

როგორც გოგა ჩანადირი ამბობს, ფონდმა თავდაპირველად გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა. სურვილი იყო, დახმარებოდნენ სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ დედაქალაქის უნივერსიტეტებში.

ასე შეირჩა თბილისის სახელმწიფო, ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტები, სამხატვრო აკადემია, ბათუმისა და ახალციხის უნივერსიტეტები.

"ჩვენი მიზანი იყო ისეთი ფაკულტეტები შეგვერჩია, რომელიც საქართველოსთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და შესაბამის კადრებს ამზადებდა, მაგალითად, მშენებლებს, აგრონომებს, ექიმ-ექთნებს, ბიოლოგებს, მასწავლებლებს, მთის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს, არქიტექტორებს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს უნდა ყოფილიყო დოვლათის შექმნასა და განვიათარებაზე მომართული სპეციალობები", - განმარტავს გოგა ჩანადირი.

დაარსების პირველ წელს ფონდი უკვე აფინანსებდა სტუდენტებს კარგი აკადემიური მოსწრებისთვის. კერძოდ, ფონდი ეყრდნობა სასწავლებლის მიერ მოწოდებულ აკადემიური შეფასების მონაცემებს და ყველაზე მაღალქულიან სტუდენტს სემესტრულად აძლევს სტიპენდიას. თამაზ ბექაიას ფონდმა სტუდენტურ სტიპენდიებზე ჯამში 200 000 ლარი გამოყო.

"თუ მომდევნო სემესტრშიც მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, სტუდენტს სტიპენდია გაუგრძელდება. თუ არადა, უკეთესი მოსწრების მქონეს გადაეცემა. ამით ჯანსაღ მეტოქეობასაც ვავითარებთ, რომ სწავლით დაიმსახურონ სტიპენდია", - ამბობს ფონდის პროექტების ხელმძღვანელი ინტერვიუში.
ასევე, ფონდმა პრემია დააწესა აბიტურიენტებისთვის, რომლებიც მისაღები გამოცდების ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხებოდნენ იმ სასწავლებლებში, რომლებთანაც თავად თანამშრომლობენ. ამ მიმართულებაზე ფონდმა ჯამურად 45 812 ლარი გაიღო.

"ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაცია სწავლის წახალისება და ამ სწავლისთვის სტუდენტების დაფასებაა. უდიდესი ბედნიერებაა, როცა მათ გახარებულ სახეებს ხედავ".

ფონდის მონაცემებით, დაფუძნებიდან დღემდე, ამ 3 წელიწადში, 86 სტუდენტს გადასცეს სტიპენდია, ხოლო 27 წარჩინებულ აბიტურიენტს - პრემია.

გოგა ჩანადირი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი სირთულე, რასაც მოსწავლეები აწყდებიან, სასკოლო ინფრასტრუქტურის არარსებობაა - ბევრ სკოლას არ აქვს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო კაბინეტები და სხვ.

სწორედ ამ მიზნით ახორციელებს სკოლების საგრანტო კონკურსს თამაზ ბექაიას ფონდი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ სოფლების საჯარო სკოლებს, რომლებსაც საგანმანათლებლო თუ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით სჭირდებათ დახმარება. პირველ წელს 2 - ბეშთაშენისა და გეგუთის სკოლები დაფინანსდა. 2024 წელს უკვე 3 - თამაკონის, ბებნისისა და ძმაგულის სკოლები შეირჩა კონკურსის წესით, რაშიც თამაზ ბექაიას ფონდიდან 50 000 ლარი დაიხარჯა.

"პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები".

რაც შეეხება ფინანსებს, გოგა დასძენს, რომ "თამაზ ბექაიას სახელობის საგანმამათლებლო ფონდი" სრულად ბექაიების ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით საქმიანობს და არ არის სხვის შემოწირულობებზე დამოკიდებული.

"აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროექტის ჟიურიში აუცილებლად ვიწვევთ ხოლმე წლის მასწავლებელს, რადგან სწორედ სკოლასთან უშუალოდ დაკავშირებულმა პირმა ყველაზე კარგად იცის შიდა საჭიროება", - ამბობს გოგა ჩანადირი.

ფონდმა საქველმოქმედო საქმიანობისთვის 500 000 ლარამდე უკვე დახარჯა. თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბრისას გოგა აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი გეოგრაფიული არეალის გაფართოებაა. ამ ჯერზე განიხილება გორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება, რათა ფონდმა იქაურ სტუდენტებსაც შეუწყოს ხელი. ასევე, განიხილება კოლეჯებში სწავლის წასახალისებელი პროექტის დაწყებაც.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა "ვენროლი" - ქართული სასწავლო მობილური აპლიკაცია. მისი საშუალებით მსურველებს სხვადასხვა თემატიკაზე საინტერესო ლექციების მოსმენა შეუძლიათ. აპლიკაციაში ლექციების რაოდენობა და თემატიკა მუდმივად იზრდება.

ფონდის პროექტების ხელმძღვანელი ამბობს, რომ აპლიკაციის ფუნქციონალი სრულად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე და დაინტერესებულ პირებს სწავლის მოქნილ, განსხვავებულ და თანამედროვე გამოცდილებას სთავაზობს.

Related Topics

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

Colin M. Donohue - Kernel's New CEO

"I'm proud to serve his legacy and to make something which will touch millions of lives, and help unlock the potential of people whose opportunities are now limited."

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

არჩილ ზამბახიძე − "პაცცას" თანადამფუძნებელი